ირაკლი ღარიბაშვილი - ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია, ის საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია, ის საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა

ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილშია ნათქვამი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

„რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს – ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა. ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა. აქვე, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ბუნებრივად რჩება შეკითხვა – რა აძლევდა სააკაშვილის წარმატების იმედს, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდა?

„მისივე გეგმის მიხედვით, 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შესაძლოა აღარ ახსოვდა, რომ გიორგი გახარია პრემიერი აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს. ბუნებრივად ისმის შეკითხვა – მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს? რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას. ვფიქრობ, ამ შეკითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, მათსავე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ღია წერილს ავრცელებს.