ირაკლი ღარიბაშვილი - ვერავინ ვხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ომი დასრულდეს ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, მეტ აგრესიას
მგონი, ვერავინ ვერ ვხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ომი დასრულდეს ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის განცხადებით, კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომის, დამანგრეველი ომის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ არის ახალი, რადგან დღემდე განადგურებული არის უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი.
„ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომის, დამანგრეველი ომის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ეს ახალი არ არის, კახოვკის ჰესი კი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებული არის უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ქალაქები, სოფლები მიწასთან არის გასწორებული. კახოვკის ჰესი ერთ-ერთია. სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი მაშინ, როცა ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და, მგონი, ვერავინ ვერ ხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს. პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა და დღემდე, შეგახსენებთ, რომ ამ უკრაინის დამანგრეველი ომის შედეგად, კიდევ ვიმეორებ, 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ეს არის დღევანდელი რეალობა. ამბობენ, რომ ტრილიონი დოლარი არის ზარალი, რომელიც მიადგა უკრაინას და ყველაზე უფრო მეტი, მძიმე არის ადამიანების სიცოცხლე. 500-ზე მეტი ბავშვი არის გარდაცვლილი და ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული. ეს არის უბედურება, ეს არის კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს.
მინდა, გკითხოთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება, იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული? მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი. ამას ალტერნატივა არ აქვს. მე გეტყვით, რატომ. აი, დღეს თქვენ ახსენეთ ჰესი, ხვალ შეიძლება კიდევ უფრო დიდი უბედურება მოხდეს. ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს, აი, ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.