ჩემი ერთ-ერთი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება, რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი, რათა არავინ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა, კანონი უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.
„დღეს გამოდიან და გვეუბნებიან, რომ თუ დამნაშავე არის პოლიტიკური პარტიის წევრი ან ტელევიზიის დამფინანსებელი, თურმე კანონი არ უნდა მუშაობდეს, კანონი არ უნდა აღსრულდეს, ჩვენ ასეთ სახელმწიფოს არ ვქმნით. ეს არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი. მე მახსენდება, მაგალითად, ცნობილი გამონათქვამები, 90-იანებს ვუბრუნდები, რადგან ეს აქტუალურია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მათ წარმომადგენელ სახეებს ჯერ კიდევ ვხედავთ ამ ე.წ. დესტრუქციული ოპოზიციის რიგებში. როგორ მოიხსენიებდნენ, მაგალითად, სინდისის პატიმრად მთავარ კრიმინალ, აწ გარდაცვლილ ჯაბა იოსელიანს და პირდაპირი ანალოგიებით ხდება დღევანდელი მათი წარმომადგენლების მოხსენიება სინდისის პატიმრებად, ადამიანების, რომლებმაც უამრავი სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს ამ ქალაქში. ეს ქვეყანა ძალიან პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის. ნუ ცდილობენ ჩვენი მოქალაქეების გაბითურებას და მოტყუებას, ვეღარ მოატყუებთ მეგობრებო. თქვენ ხართ თავიდან ბოლომდე ლუსტრირებულები, თქვენ ხართ ის ხელისუფლება, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ხალხსა და სახელმწიფოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სურდა, პარლამენტში ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიც ენახა.
„იმიტომ ვსაუბრობ და მიწევს საუბარი ამ დესტრუქციულ ძალაზე, რომ დღეს აქ მინდოდა, ყოფილიყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. თქვენი ორი პარტიის გარდა, რა თქმა უნდა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ ჩვენს პარლამენტს, ჩვენს ხელისუფლებას, არჩევნებს. რაღაც ჩვეულ სტილში გამოგონილი აბსურდული ბრალდებებით გვდებენ ბრალს, თითქოს არჩევნები გავაყალბეთ. ამ დროს არავითარი რეალური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი, რათა ეჩვენებინა ჩვენი კონსტრუქციული მზაობა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, კობახიძე გამოვიდა ინიციატივით. მან წარუდგინა კონკრეტული გეგმა, ხედვა ჩვენს ოპოზიციას და შევთავაზეთ ერთგვარი გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან, შევთავაზეთ ინიციატივა, შექმნილიყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებდა მათი გადმოცემით, მათი ვარაუდით, მათ მოგონილ გაყალბებულ ფაქტებს, რაც ბუნებაში არ არსებობს. თუ არის, გთხოვთ, წარმოადგინოთ. მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, რომ ყველა ამ ბიულეტენზე, ყველა საარჩევნო უბანზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ ოპოზიციას ჰყავდა საკუთარი წარმომადგენელი და თუ არ ვცდები, ყველა ბიულეტენზე არსებობს მათი ხელმოწერა. მაშინ სად არის ლოგიკა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არჩევნების გზით გამორიცხულია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მათი ლოგიკა გვესმის. მათი ლოგიკა არის შემდეგი: სანამ „ქართული ოცნება“ არ წააგებს არჩევნებს, უფრო სწორად, სანამ ისინი ძალადობრივი გზით არ დაამხობენ ხელისუფლებას, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. არათუ ხელისუფლებაში დაბრუნება, არამედ ძალიან მალე მათი პოლიტიკაში დარჩენაც გახდება ძალიან რთული და შეუძლებელი. მინდა, მივმართო იმ კონსტრუქციულ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ოპოზიციაში არიან, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში და ვიცით რა მათი რეალური განწყობები, სხვა პარტიის წარმომადგენლების, მათ დღესაც აქვთ უნიკალური შანსი, მიიღონ რეალური მონაწილეობა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში, რეალური დებატები გავმართოთ, ვიმსჯელოთ რეალურ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ამაზე ვიკამათოთ ამაზე ვიმსჯელოთ. ეს გაუთავებელი ურთიერთბრალდებები, ურთიერთშეურაცხყოფები მეც არ მსიამოვნებს, არავის სიამოვნებს, მაგრამ როდესაც თავს გესხმიან, გაბრალებენ ყველაფერს, გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, არნახული აბსურდული ბრალდებებით, გიჩნდება სურვილი, უპასუხო და რეაგირების გარეშე არ დატოვო ასეთი ბინძური ბრალდებები. ეს არის კარგად გათვლილი მიზანი. მათ იციან, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის არის აუტანელი, ამიტომ მინდა, გავიმეორო, ასე გაგრძელება შეუძლებელია. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავინახოთ პოზიტივი ამ უნიკალურ შესაძლებლობაში. პირდაპირ ვთქვათ, ვერ ვინატრებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება, ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ მოხდა მათივე არჩევანით, მათივე სურვილით. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობას და მის შანტაჟს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჯდება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებში, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის დახურული და არ განიხილება.
„მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები. მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ, უმოკლეს ვადაში ჩემი ერთ-ერთი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება, რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღვადგინო კონსტიტუციური წესრიგი, რათა არავინ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა და კანონი უნდა აღსრულდეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.