ირაკლი ღარიბაშვილი - ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ზაფხულში „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანაზე, ასევე „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“, „მოდერნასა“ და „ნოვავაქსის“ ვაქცინებთან დაკავშირებით
ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში ვაქცინების დამატებით დოზებს მივიღებთ, არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ვაქცინების თაობაზე საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის „კოვაქსის“ პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ ვაქცინების მიღება, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ ქალბატონ მინისტრთან ერთად, დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში დაახლოებით. მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული, „ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. „მოდერნასთან“, ასევე „ნოვავაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები და ამ უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ, ისე, რომ არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.