ირაკლი ღარიბაშვილი - ვაშენებთ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკას და არა ერთპიროვნულ, ავტორიტარულ მმართველობას, როგორიც სააკაშვილის დროს იყო
ირაკლი ღარიბაშვილი - ვაშენებთ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკას და არა ერთპიროვნულ, ავტორიტარულ მმართველობას, როგორიც სააკაშვილის დროს იყო

ჩვენ ვთანხმდებით, რომ ვაშენებთ თანამედროვე, ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკას და არა ერთპიროვნულ, ავტორიტარულ მმართველობას, როგორიც იყო რამდენიმე წლის წინ, სააკაშვილის მმართველობის დროს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებდა შერეული სისტემით არჩევნების ჩატარებას და გადავიდოდა სრულად პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს. 2017 წელს, ისევ მათი დესტრუქციული ბუნებიდან გამომდინარე, მთავარმა დესტრუქციულმა ძალამ არ მოისურვა თანამშრომლობა მმართველ პარტიასთან და მათ გაცხადებულ შეთავაზებასთან, რომ მიეღოთ მონაწილეობა კონსტიტუციურ ცვლილებებში და მხარი დაეჭირათ მაშინ ჩვენთვის. ეს მოგვცემდა საშუალებას, გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს. კარგად ვნახეთ, როგორც განვითარდა მოვლენები ივნისში.  ეს იყო კეთილი ნების გამოხატულება, იდეა, სურვილი პარტიის თავმჯდომარის, რომ არა 2024 წელს, არამედ 2020 წელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამან მაჟორიტარების აღშფოთება გამოიწვია.

„სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების გაუთავებელი შეურაცხყოფებისა და მართლაც ზღვარგადასული უკულტურობის, ყოველგვარი ჩარჩოებს გაცდენილი ქმედებებისა, რა თქმა უნდა, ჩვენი მაჟორიტარების დიდი ნაწილის საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია ამ ყველაფერმა ერთად. ამას დაემატა, რომ ისინი ობიექტურად მხარს არ უჭერდნენ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას 2020 წელს და ეს ინიციატივა უბრალოდ არ გავიდა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ საქართველო თანამედროვე, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის გზით მიდის.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ვაშენებთ თანამედროვე, ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკას და არა, ერთპიროვნულ, ავტორიტარულ მმართველობას ისეთს, როგორიც აქ იყო სულ რამდენიმე წლის წინ სააკაშვილის მმართველობის დროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ მივდივართ თანამედროვე, ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის გზით. ის რაც ხდება დღეს, არის ნორმალური, დამახასიათებელი პროცესი ნორმალური, ევროპული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.