ირაკლი ღარიბაშვილი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სილეტოს ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც სილეტოს ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას დაესწრო და მუზეუმის თანამშრომლებს ევროპის მუზეუმების პრემიის, EMYA 2023-ის გამარჯვებულის ტიტული პირადად მიულოცა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა სილეტოს პრიზი 6 მაისს ბარსელონაში, EMYA-ის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.
მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.
სილეტოს ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო მუზეუმს საზოგადოების საკეთილდღეოდ ჩატარებული საქმიანობისა და საზოგადოების სამუზეუმო ცხოვრებაში განსაკუთრებული ჩართულობისთვის. სილეტოს გარდამავალი ჯილდო გამარჯვებულ მუზეუმს ერთი წლით გადაეცემა.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა ვანში და ჩვენ წარმოვადგინეთ ის წარმატება, რასაც ვანის მუზეუმმა მიაღწია. დღეიდან ერთი წლის განმავლობაში ვანის მუზეუმში ბინას დაიდებს ევროპის სამუზეუმო სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო – სილეტოს პრიზი. ეს ჯილდო გადაცემა იმ მუზეუმებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან არა მხოლოდ თავისი ზოგადად სამუზეუმო სტანდარტით, არამედ საზოგადოების ჩართულობით. ვანის მუზეუმი გახლავთ პირველი ლაურეატი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ვანის მუზეუმი გახლავთ პირველი, რომელმაც მიიღო ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.