ირაკლი ღარიბაშვილი - ვახტანგ გომელაურს აქვს კარგი ინიციატივები, მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას, ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში
ვახტანგ გომელაურს აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში, უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას, ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე არავითარი კომპრომისი არ იქნება.
„დღეს პოლიცია არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს სამსახურში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა, სამართალდარღვევა მკაცრად, კანონის ფარგლებში იქნება დასჯადი. არავითარი კომპრომისი პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე. თუ ჩვენ გვსურს სამართლებრივი, ამავდროულად სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ კანონი და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად. ბატონ ვახტანგთან მქონდა უკვე საუბარი, მას აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში. უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას. ჩვენ ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.