ირაკლი ღარიბაშვილი - ვაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალ, პირადად უნდა მოვინახულო ყველა პროექტი, რომელსაც პირადად დავპირდი მოსახლეობას არჩევნებამდე
ჩვენ ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ რეფორმას, მიწის სისტემურ რეგისტრაციას. 1 200 000 ჰექტარი მიწა უნდა დარეგისტრირდეს ამ სამ წელში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ 2024 წლის ბოლოს ყველა მიწის ნაკვეთი იქნება აზომილი, დარეგისტრირებული და იქნება გარკვეული, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
„ეს არის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც არ ჩატარებულა მანამდე. რეფორმა არაერთხელ ჩატარდა, მაგრამ ეს არ იყო სრულყოფილი, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ამიტომ, ეს პროცესი დავიწყეთ, გადავწყვიტეთ და დავასრულებთ სამ წელიწადში. 2024 წლის ბოლოს ყველა მიწის ნაკვეთი იქნება აზომილი, დარეგისტრირებული და იქნება გარკვეული, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, ეს მიწა, ეს რესურსი, ეს სიმდიდრე ჩაერთვება სწორედ ჩვენი ქვეყნის ბრუნვაში და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ამ ფაქტისა და პროექტის მნიშვნელობა.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ვაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალ, პირადად უნდა მოვინახულო ყველა ის პროექტი, რომელსაც პირადად მე დავპირდი მოსახლეობას არჩევნებამდე. სამუშაოები არის აქტიურ ფაზაში გადასული. ყველა პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი ახლა არის ეკონომიკის, ტურიზმის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, სიღარიბის შემცირება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ამიტომ, ისევ და ისევ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველვყოთ განვითარება, ყველა რეგიონს, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.