ირაკლი ღარიბაშვილი - უთანასწორობა მოსახლეობაში ამძაფრებს უსამართლობის განცდას, ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ გარკვეულ წრეებში ჯერ კიდევ პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები
ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შორის. ეს დღეს მსოფლიოს და სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემაც არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უთანასწორობა მოსახლეობაში უსამართლობის განცდას ამძაფრებს.
„ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შორის. ეს დღეს მსოფლიოს და სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემაც არის. ეს კი, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს გვიქადის. უთანასწორობა მიჩნეულია, რომ ამძაფრებს მოსახლეობაში უსამართლობის განცდას. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი ძალების გარკვეულ წრეებში ჯერ კიდევ პოპულარობით სარგებლობენ მარგინალები, რომლებიც იმაზე ფიქრში იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ უკმაყოფილების ამ განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეზებით, თუნდაც მათივე მონაწილეობით შეიქმნა ამ ქვეყანაში.
ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მათ მიზნებს, იმას, თუ რისთვის სჭირდებათ ჩვენი საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისკენ ისწარფვიან, რადგან სრული უსუსურობისა და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ მიიპყრონ რაიმე ყურადღება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალიზმი და დესტრუქციულობა პოლიტიკად საღდება ჩვენს დღევანდელ რეალობაში და ძალადობა გმირობად. ვაღიაროთ – ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გასცა მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.