ირაკლი ღარიბაშვილი - უპასუხისმგებლო „ომის პარტიას“ სანქციების დაწესებით უნდოდა მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა, ჩვენ ვთქვით, არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ეროვნულ ინტერესებს
აგვისტოს ომის შემდეგ არცერთ ქვეყანას, მათ შორის არც ჩვენ არ დაგვიინიცირებია რაიმე კონკრეტული ზომების მიღება ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპაციის შესაჩერებლად, დასაგმობად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ომის დაწყების დღიდან კი სანქციების დაწესებას ითხოვენ, რითაც „ომის პარტიას“ სურდა მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია. რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენს ტერიტორიაზე ბაზირებას. ოკუპაცია, მოგეხსენებათ, არის ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას მემკვიდრეობად დახვდა 2012 წელს. აქვე, მინდა, შედარებისთვის კიდევ ერთხელ გავახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არცერთ ქვეყანას, მათ შორის არც ჩვენ არ დაგვიინიცირებია რაიმე კონკრეტული ზომების მიღება ოკუპანტი ქვეყნის, ამ ოკუპაციის შესაჩერებლად, დასაგმობად. ვგულისხმობ, მაგალითად, სანქციებს.
დღეს გამოდიან და სთხოვდნენ ეს ადამიანები, ომის დაწყების დღიდან ითხოვდნენ სანქციების, ეროვნული სანქციების, მათ შორის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და ასე შემდეგ. თქვენ გახსოვთ, რამხელა კამპანია აწარმოეს, რომ ამ სანქციების დაწესებით, არ ვიცი, რისი მიღწევა უნდოდათ, ამით უნდოდათ ომის, მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა და ქვეყნის განადგურება. ისევე, როგორც გაანადგურეს ერთხელ ქვეყანა, ასევე უნდოდათ მეორედ გაენადგურებინათ ამ უპასუხისმგებლო ომის პარტიას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით საჯაროდ და ღიად, რომ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს, ეს იყო ჩემი პირველი განცხადება, იყო ჩვენი ლიდერების, გუნდის წევრების განცხადებები და ამ პოლიტიკას მივყვებით დღემდე, ამ პოლიტიკას დავიცავთ მტკიცედ და ამ პოლიტიკას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ. რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მხოლოდ ამ პოლიტიკას განვახორციელებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.