ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს, თამარ ლილუაშვილს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თამარ ლილუაშვილს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.
პრემიერმა თამარ ლილუაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, თამარ ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. ასევე, სხვადასხვა დროს იყო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მრჩეველი, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი; იყო ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის, SCIS-ის პროგრამების კოორდინატორი, შემდეგ კი – დირექტორი (ატლანტა, აშშ.) ასევე, იყო საზოგადოებრივ საქმეთა და სამთავრობო ურთიერთობების საკონსულტაციო ფირმის, The Edison Group-ის კონსულტანტი (ატლანტა აშშ).
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.