ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა გავმიჯნოთ რადიკალური და კონსტრუქციული ფრთა, კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციასთან მზად ვართ დიალოგისთვის
ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციას, რომელსაც სურს, გამოეყოს იმას, რაც მომდინარეობს სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში უნდა გაიმიჯნოს რადიკალური და კონსტრუქვციული ფრთა, რომელთანაც ხელისუფლება ისაუბრებს.
„ოპოზიციასთან მოლაპარაკების ხედვას რაც შეეხება. ვფიქრობ, აქ უნდა გავმიჯნო რადიკალური და კონსტრუქციული ფრთა. როგორც ვიცი, საბედნიეროდ, არიან კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენი მიდგომა არის შემდეგი, კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციას, რომელსაც სურს მძევლობიდან, ძალადობიდან გამოეყოს იმას, რაც მომდინარეობს პირდაპირ სააკაშვილისგან და მის მიერ დანიშნული სხვადასხვა კრიმინალებისგან, მელიას ვგულისხმობ. ის კრიმინალია, რადგან სასამართლომ დამნაშავედ შერაცხა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. სხვათაშორის, ეს ყველას ავიწყდება. უბრალოდ, ეს არის ალიბი და მე ყველას შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. კარგად მოგვეხსენება, როგორი თავმჯდომარეა მელია „ნაცმოძრაობის“. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არის ბატონი სააკაშვილი, სხვა ლიდერი არ არსებობს „ნაცმოძრაობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.