ირაკლი ღარიბაშვილი - უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ უსაფრთხოების ურთულესი გარემო
ირაკლი ღარიბაშვილი - უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ უსაფრთხოების ურთულესი გარემო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოს წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

„ჩვენ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ უსაფრთხოების ურთულესი გარემო და ყოველდღიურად გვიწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება. კავკასიის რეგიონზე დემოკრატიული სამყაროს წვდომისთვის ჩვენს ქვეყანას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რეგიონის მნიშვნელობის ფონზე იკვეთება საქართველოს წინაშე, ისევე, როგორც მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე მომდინარე პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი და ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობას. შავი ზღვა, კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის თანამედროვე საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები, მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს მაღალი სიზუსტისა და დიდი სიშორის სახმელეთო-საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არსებობა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზები, კერძოდ მე-7, მე-4 სამხედრო ბაზები და რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.