ირაკლი ღარიბაშვილი - უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, თანმდევი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული ოპერაციების წარმოებით
ირაკლი ღარიბაშვილი - უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, თანმდევი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული ოპერაციების წარმოებით

რეგიონში არსებული ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა, ასევე სიახლოვე გლობალური ტერორიზმის კერებთან, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან, საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

​„რეგიონში არსებული ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა, ასევე სიახლოვე გლობალური ტერორიზმის კერებთან, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან, საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას. შიდა საფრთხეებიდან განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ჰიბრიდული მოქმედებები, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. მოწინააღმდეგე საკუთარი მიზნების მისაღწევად სულ უფრო ხვეწს ჰიბრიდული ომის წარმოების ელემენტებს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, თანმდევი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული ოპერაციების წარმოებით. ქვეყნის წინაშე არსებული შიდა და საგარეო საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის უწყება, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ეს არის კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მოძიება/შერჩევა, მათი მომზადება/გადამზადება, შენარჩუნება, კარიერული განვითარება, რაშიც ძირითადი ყურადღება ეთმობა დასავლური სტანდარტის დანერგვასა და აპრობირებას. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური სფეროს გაუმჯობესებასა და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, გადაიარაღებასა და თანამედროვე სისტემების დანერგვას. უცხოელ პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ერთობლივი პროექტები, ღონისძიებები, მრავალეროვნული სწავლებები, საგანმანათლებლო პროგრამები, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და ა.შ.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.