ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდება ძალიან სამწუხარო იყო, საქართველო არასოდეს დაუშვებს სანქცირებული პროდუქციის გატანას თავისი ტერიტორიის გამოყენებით
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდება ძალიან სამწუხარო იყო, საქართველო არასოდეს დაუშვებს სანქცირებული პროდუქციის გატანას თავისი ტერიტორიის გამოყენებით

ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და ეს არის ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო არასოდეს დაუშვებს, რომ რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს.

„ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება. არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი, ეს არის ძალიან სამწუხარო. მე უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის.

იცით თქვენ, რომ გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს დაუშვებს რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის გადატანას. რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, ეს ხომ სრული აბსურდია, ამაზე რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სახის სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ჩვენი მკაფიო, ცალსახა პოზიცია.

სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან, ონლაინრეჟიმში ვცვლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის მგრძნობიარე საკითხებთან და ვფიქრობ, აქ არავითარი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.