ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინის ხელმძღვანელობის განცხადებების ფონზე, თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ, ვიცავთ ხალხის ინტერესებს, ამავდროულად, ვართ სოლიდარული უკრაინელთა მიმართ
ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ხალხის ინტერესებს. ამავდროულად, ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობის განცხადებების ფონზე, თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა იმოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს საქართველოს მთავრობა.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ იორკში. მან მონაწილეობა მიიღო გაერო-ს ასამბლეაში, ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვიდა სიტყვით, წარადგინა ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თუ ვინმეს ამაზე მეტის გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის ვზღუდავთ.
მეორე მხრივ, მინდა, გითხრათ: იმ პოლიტიკური განცხადებების ფონზე, რომელიც უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან ისმის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ კიდევ ერთხელ სოლიდარობას გამოვხატავთ.
ყველა უკრაინელი, რომლებიც იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში, ცხოვრობენ დაცულად. ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს ვაკეთებთ. საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტი, პროვოკაციები. დესტრუქციული ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დღეს საქართველოში, მსგავსად უკრაინისა, ტერიტორიის დიდი ნაწილი გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. ასე რომ, ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად, ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.