ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინელი მეგობრები, შესაძლოა, სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ნახვა უნდათ, ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი
კიდევ რა შეუძლია საქართველოს, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გააკეთოს? უკრაინელმა მეგობრებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ნახვა უნდათ, ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „თუ განვსჯით საქართველოს მუშაობას და მის დამსახურებას უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენი ქვეყანა ორივეს უსწრებს“.
„თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, თუ საუბარია მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები, საქართველო ძალიან რთულ ვითარებაშია, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, მიმდინარე ოკუპაციის გამო. ვიტყვი, რომ 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. მინდა, გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს, გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? არ მინდოდა ამაზე საუბარი. უკრაინელი მეგობრები, შესაძლოა, სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ მეორე ფრონტის ნახვა უნდათ საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და შემდეგ, 2008 წელს – რუსეთთან. პატარა ერი, 4-მილიონიანი მოსახლეობით პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩემი ამოცანა, ვალდებულება არის ჩემი ერის ინტერესების, ხალხის დაცვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.