ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ აღნიშნეს, რომ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, ასევე შეაჯამონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირთან მეტი სექტორული ინტეგრაციისთვის.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება, დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა ის მთავარი ღირებულებებია, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი ეფუძნება. აღინიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.

ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე, რასაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალი ევროკავშირთან დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სექტორული ინტეგრაცია, რაც სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებთან დაახლოებას გულისხმობს, განსაკუთრებით გარემოს დაცვისა და კლიმატის, ციფრული ტრანსფორმაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში. ასოცირებულმა ტრიომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა წინადადებით, ევროკომისრების მონაწილეობით, სექტორულ უწყებებს შორის მინისტრების დონეზე რეგულარული შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას, ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაზე, რომელშიც მნიშვნელოვანია, აისახოს ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტები. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე.