ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინასა და საქართველოს აქვთ ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები, განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს
უკრაინასა და საქართველოს აქვთ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები. დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო შეშფოთება გამოხატა.
„მოხარული ვარ, რომ დენის შმიგალი სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღევანდელი ვიზიტიც. უკრაინასა და საქართველოს აქვთ ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, საერთო ინტერესები და დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვაჩნია საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.