ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და სტატუსიც, როგორც წამახალისებელი საჩუქარი, ვულოცავ მათ ამ აღიარებას
უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და სტატუსიც, როგორც წამახალისებელი საჩუქარი, ვულოცავ მათ ამ აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია, ასე რომ, ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, ვუსურვებ მათ წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გუშინვე მიენიჭათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.