ირაკლი ღარიბაშვილი - უხილავი გამოწვევის ფონზე „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა ცხადყოფს მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა
მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნის ღონისძება სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეხუთედ ტარდება.
„ძალა პარტნიორობაშია, ეს არის ჩვენი სწავლების მთავარი გზავნილი, სწორედ ძლიერი პარტნიორობისკენ სწრაფვა გახლავთ ის სულისკვეთება, რომელმაც გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენს წინაშე 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გააერთიანა. მადლობა მინდა, გადავუხადო აშშ-ის ევროპული სარდლობას და სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და პოლონეთის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა. „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში მასპინძლობა არის ნათელი დასტური, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს. მადლობა აშშ-ს იმ უდიდესი როლისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობისა და თავდაცვის ძალების განვითარების ტრანსფორმაციის პროცესში მიუძღვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-მა ქვეყნის განვითარებისთვის 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, საგარეო თავდაცვის ფონდის ფარგლებში აშშ წლების განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში.
„ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. ჩვენი საერო მიზანია, განვავითაროთ თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები, რომლებიც ეროვნული თავდაცვის ამოცანების შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ღირსეული პარტნიორობა, რომელიც ჩვენმა ჯარისკაცებმა საერთაშორისო მისიებში უდიდესი კონტრიბუციითა და მრავალეროვნულ სწავლებებში გამოჩენილი პროფესიონალიზმით დაამტკიცეს სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და საფუძველია. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა თითოეულ სამხედრო მომსახურეს, ჩვენ გმირ ჯარისკაცებს ვუსურვო მათ წარმატება დასახული ამოცანების შესრულებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.