ირაკლი ღარიბაშვილი - უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ ინიცირებული სახალხო გამარჯვების გარეშე ქვეყანა დღეს ომში იქნებოდა გახვეული
უდიდესი მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული სახალხო გამარჯვების გარეშე არა თუ პროგრესი იქნებოდა შესაძლებელი, არამედ დღეს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა.
„შეიძლება, გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი. მინდა, დღესაც გავიმეორო, რომ სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. მინდა, პირადი მადლობა გამოვხატო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისადმი იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა, ამ უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი ორჯერ პრემიერ-მინისტრის, თავდაცვისა და შს მინისტრის რანგში. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, მემსახურა საქართველოსთვის. დღეს მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, პარტიის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს, მინისტრებს, სამინისტროებს, საჯარო მოხელეებს და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ჩვენი ხალხი, რომლის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი სტიმულია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.