ირაკლი ღარიბაშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება, რათა შემდგომი სამი წელი ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება
თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება იმიტომ, რომ შემდგომი სამი წელი ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა თუ არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება, ადამიანი ვერ დაგეგმავს, რა უნდა გააკეთოს, როგორ განავითაროს სოფლის მეურნეობა, წარმოება, სკოლა და აშ..
„ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ყველგან უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ჩვენ გვჭირდება ღირსეული გამარჯვება ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში იმიტომ, რომ შემდგომი სამი წელი ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება. ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. მოდი ვთქვათ, მეგობრებო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინ შეძლო ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა? ეს არის ერთადერთი ის იშვიათი გამონაკლისი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. მე ომზე ამ დღეების განმავლობაში აქტიურად ვლაპარაკობ, რადგან ეს არის ჩვენი ტრაგედია. 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავიტანეთ უზარმაზარი დანაკარგი და ტრაგედია, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები დროებით, მაგრამ ამან განაპირობა ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის 20%-ის, ათასობით ადამიანი დევნილობაში წამოვიდა და ძალიან გამოუსწორებელი შედეგი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ. ხალხმა მიიღო, რაც მთავარია. მე ყოველთვის მითქვამს, რომ მოდიან პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, ვიწრო ელიტური ჯგუფი მოდის ხელისუფლებაში, ტოვებს ძალიან დიდ პრობლემებს და შემდეგ თაობებს უწევთ ამ პრობლემების გადაჭრა, ამაზე ზრუნვა და მუშაობა.
ჩვენ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ოკუპაცია დაგვხვდა. ის, რომ რუსეთს ჰქონდა განზრახული ჩვენს ქვეყანაში ჯარების შემოყვანა და დაბრუნება, ეს არახალია და ცხადია. ხელისუფლება მმართველი მაგიტომ ხარ, მაგიტომ აგირჩია მოსახლეობამ, რომ ყველა რისკი გათვალო, დააზღვიო შენი მოსახლეობა და შენი ქვეყანა, პირველ რიგში. რუსეთის ჯარი ბოლოს 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. 2005 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა, ბოლო ჯარის ნაწილი გავიდა ახალციხიდან, რომელშიც სხვათა შორის მე შევიყვანე ქართული ჯარი და იქ ახალი ბაზა ავაშენეთ. მას შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, უგუნურმა წინა ხელისუფლებამ, არ ვიცი უმეცრებით, უგუნურებით როგორ მოუვიდათ, ასეთ პროვოკაციას წამოეგნენ და შემოიყვანეს, დააბრუნეს რუსული ჯარი. ეს კატასტროფაა. რატომ ვლაპარაკობ მე ამდენს – მშვიდობასა და სტაბილურობას არ აქვს ალტერნატივა. მეგობრებო, მშვიდობა და სტაბილურობა თუ არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, ჩვენს ოჯახებში, არ იქნება არავითარი განვითარება. ადამიანი ვერ დაგეგმავს, რა უნდა გააკეთოს, როგორ განავითაროს სოფლის მეურნეობა, წარმოება, სკოლა და ა.შ. ამიტომ, ამას ერთის მხრივ შენარჩუნება სჭირდება და ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, ძლიერი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას და ჩვენი რეგიონების და ქალაქების განვითარებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 2017 წელს აქ ჩავატარეთ არჩევნები, მხარი დავუჭირეთ მაშინ იმ დროინდელ კანდიდატს. სამწუხაროდ, მერე ძალიან სამწუხარო რაღაც მოხდა, აღარ მინდა ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ეს შეცდომა ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ამიტომ ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ახალი კანდიდატი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.