ირაკლი ღარიბაშვილი - თურქეთიდან შემოსული წამლები უკვე ხელმისაწვდომია აფთიაქებში, იყიდება ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, უმეტეს შემთხვევაში, ფასები შემცირებულია 60-დან 80 პროცენტით
თურქეთიდან წამლები უკვე შემოსულია საქართველოში და ხელმისაწვდომია აფთიაქებში. იყიდება ყველაზე მოთხოვნადი რამდენიმე დასახელების წამალი, მედიკამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უმეტეს შემთხევევაში, ფასები მედიკამენტებზე შემცირებულია 60-დან 80 პროცენტით.
„მოგეხსენებათ, დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ GMP-ის სტანდარტის მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა. წამლები უკვე შემოსულია საქართველოში და ხელმისაწვდომია აფთიაქებში, უკვე იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, მედიკამენტი. ყველაზე მოთხოვნადი წამლები.
დღეს უკვე ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო მანამდე 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში, 60-დან 80 პროცენტით არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ, განახევრებულია ფასები, რაც ძალიან გვახარებს.
მინდა, მინისტრ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, ამ პროცესში ჩართული იყო და აქტიურად იმუშავა. დღეს მიემგზავრება თურქეთში, თავის კოლეგას შეხვდება და მეტ სარგებელს ჩამოიტანს. გარდა ამისა, ათეულობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის რეგისტრაციისთვის სამინისტროში განაცხადია შეტანილი, დაჩქარდება ეს პროცესი, რათა დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება, მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი უფრო იაფ ფასად წამლის შესაძენად. რაც მთავარია, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი, და ეს არის მიღწეული. ყველა წამალი, რომელიც შემოვიდა თურქეთიდან, GMP-ის სტანდარტისაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა წამლის ხარისხის კონტროლის მიზნით ლაბორატორია შეიქმნას.
„ამჟამად, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ადგილზე წარმოებული და შემოტანილი წამალი იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა პრემიერმა.