ირაკლი ღარიბაშვილი - თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, სტატუსის მიღების შემდეგ ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება და ვეღარაფერს დაგვწამებენ
ვინმეს თუ არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტატუსის მიღების შემდეგ მათ, პრაქტიკულად, ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება ხელისუფლების მისამართით.
„ჩვენ რომ გადაგვედგა გაუაზრებელი, ემოციური ნაბიჯები, პოპულისტური რაღაცები დაგვეწყო, დღეს არაფერი იქნებოდა ქვეყანაში. არც ლარი იქნებოდა თითქმის 2,5-ზე ჩამოსული. მაგალითად, ინფლაცია რვა პროცენტზე ჩამოვიდა, უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა, ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა. გავზარდეთ პენსიები, ხელფასები საჯარო და კერძო სექტორებში, ყველგან. ანუ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა. ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ პროექტებს. ანაკლიის მშენებლობა უნდა დავიწყოთ წელსვე, სექტემბერში. ვიწყებთ ახალი აეროპორტის მშენებლობას. 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია არის დაგეგმილი. ყველა მიმართულებით არის პროგრესი. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ასეთი გამოწვევების ფონზე გვაქვს ამხელა პროგრესი, ბევრს ნერვებს ვუშლით, ბევრს ჰქონდა ილუზია და იმედი, რომ საქართველოს როლი უნდა ყოფილიყო ომში ჩართვა. ამ როლზე ჩვენ დიდი ხანია, უარი ვთქვით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილის პატრიოტული ხელისუფლება. ასე რომ, ეს ბუნებრივია.
აქვე მინდა, ერთი რამ განვმარტო – ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას და ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები; გვაქვს უფლება, გვქონდეს საკუთარი ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საკუთარი ინტერესები. ამაზეა საუბარი. ამიტომ ჩვენ ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ჩვენი მთავარი ოცნება – ქვეყნის გაერთიანება და ღირსეულად ევროკავშირში გაწევრიანება. ეს პროცესი არ არის მარტივი, ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება. მინდა, ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ მაქსიმუმი შევძელით ბოლო ათ წელიწადში. ეს იყო წარმოუდგენელი. ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, პერსპექტივა, სტატუსი, ამის იქით რჩება უკვე გაწევრიანება. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივიღებდით ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის ქვეყნებში, დედაქალაქებში, რომ საქართველო იმსახურებს ამ შეფასებას. ბევრმა ახსენა გეოგრაფია, ძალიან ბევრი სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ. ამიტომ ამას სჭირდება შენარჩუნება და დაცვა. თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. რატომ? სტატუსის მიღების შემდეგ მათ, პრაქტიკულად, ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება და ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ. რა უნდა თქვან, ხომ? ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ ამ პერიოდში. ამიტომ ყველანაირად შეეცდებიან, რომ საბოტაჟი იყოს, მეტი არეულობა იყოს, რომ დაანგრიონ ეკონომიკა, დაანგრიონ ტურიზმი, არ იყოს ათპროცენტიანი ზრდა, არამედ იყოს მინუს ათპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხალხზე აისახება. ამიტომ, მინდა, ჩვენს ხალხს მივმართო და ვუთხრა, რომ თითოეულ მათ ქმედებას კარგი ანალიზი გავუკეთოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წლების წინ ევროკავშირისგან ითხოვდნენ, საქართველოსთვის არ მიეცათ თავისუფალი მიმოსვლა, ახლა კი – კანდიდატის სტატუსი.
„„ნაცმოძრაობა“, მაშინ ყოფილი სპიკერი დათო ბაქრაძე და სხვები დადიოდნენ ევროკავშირში, ეხვეწებოდნენ, არ მისცეთ თავისუფალი მიმოსვლის საშუალებაო, ახლაც იგივე ხდებოდა. მობილიზებულები ჰყავდათ მთელი თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, მათთან დაკავშირებული ადამიანები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, საუბედუროდ, ასეთ ძალასთან გვაქვს ურთიერთობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.