ირაკლი ღარიბაშვილი - თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ევროპელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, პატივს არ სცემს საქართველოს და არ ცნობს მის სუვერენიტეტს.
„ყველა ის ევროპელი თუ უცხოელი, რომელიც ტოლობის ნიშანს უწერს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, ესე იგი, არ ცნობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს; პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას; ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს ხალხს; სააკაშვილის მიერ ნაწამებ დაჩაგრულ ათასობით ადამიანს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი პასუხი და რეაქცია იქნება ადეკვატური, პროპორციული. ვინც ჩვენ პატივს არ გვცემს, ჩვენგანაც ნუ მოელის პატივისცემას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გამჭვირვალედ. მაგალითისთვის – ჩვენ საჯაროდ შევთავაზეთ სააკაშვილის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, ოჯახმა და არა სხვამ. სხვა არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ოჯახმა ჩამოიყვანოს, თუ უნდათ, რომ უმკურნალონ ადგილზე, პრობლემა არ არის. ნულია პრობლემა. ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნით. მაგრამ არა ისე, რომ არც ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები, არც ჩვენი ინსტიტუტები, ასე არ გამოვა. ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა დავიცვათ; ჩვენი სახელი, ჩვენი ავტორიტეტი უნდა დავიცვათ. ჩვენ გვაქვს მრავალათასწლიანი სახელმწიფოებრიობა, კულტურა და იდენტობა. არავის ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ რაიმე უკანონობას ჩავიდენთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ბოლო ანგარიშში საქართველო ბევრად უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ ამ პროცესს ვინმე საბოტაჟს გაუწევს და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არის ისევ დესტრუქციული და ანარქისტული ძალები.
„რაც შეეხება, ზოგადად, კანდიდატის სტატუსს, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ უკვე, პარლამენტმა ძალიან მაგრად იმუშავა მთავრობასთან ერთად. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი შესასრულებელია, შეგვესრულებინა მაქსიმალურად მოკლე დროში. მანამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – რა თქმა უნდა, ჩვენ რომ შევხედოთ მოლდოვასა და უკრაინას, ხომ ვიცით, რა ხდება იქაც. იმავე ბოლო რაპორტში, რაც გამოაქვეყნა ევროკავშირმა, ჩვენ ბევრად წინ ვართ. ორჯერ, სამჯერ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ყველა მიმართულებით. მაგრამ ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ ერთგვარად დაგვსაჯეს, გვითხრეს, რომ სტატუსი ახლა არა, დაელოდეთ. ამაზე ვთქვით, გასაგებია, მადლობა, მეგობრებო, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. სტატუსი მათ მისცეს ავანსად. ჩვენ არავისი გვშურს, გვითქვამს ბევრჯერ, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის, რომ ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვინმე საბოტაჟს გაუწევს და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არის ისევ ეს დესტრუქციული, ანარქისტული ძალები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.