ირაკლი ღარიბაშვილი - თუ ადამიანი გულწრფელად, საქმით აჩვენებს სინანულს, რთული საკითხია, რომ გამოსწორების შანსი არ მივცეთ
თუ ადამიანი გულწრფელად, საქმით აჩვენებს სინანულს, რთული საკითხია, რომ არ მივცეთ შანსი გამოსწორების, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსამართლეების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოსამართლემ, რომელმაც მისი ოჯახის წევრი 2011 წელს გაასამართლა, მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა და მას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ღარიბაშვილის თქმით, ამ ქმედებით მოსამართლემ „გამოისყიდა წარსულში მის მიერ დაშვებული გადაცდომები“.
„მესმის, რომ მოსამართლეების სიამ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში მაგალითიც მოვიყვანე, რომ ის მოსამართლე, რომელმაც 2011 წელს ჩემი ოჯახის წევრი გაასამართლა, ამავე მოსამართლემ უკვე მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა და მიუსაჯა მას დაუსწრებლად პატიმრობა. მე ასეთი აზრი მაქვს, თუ ადამიანი გულწრფელად, საქმით აჩვენებს სინანულს, ან აქვს სურვილი, რომ ჩადგეს სახელმწიფოს სამსახურში, ძალიან რთული საკითხია, რომ არ მივცეთ ადამიანებს შანსი გამოსწორების. მე მგონი სიმბოლური იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით ალბათ, მან გამოისყიდა წარსულში მის მიერ დაშვებული გადაცდომები თუ არასწორი დავალებები. სადავო საკითხია, ვაღიარებ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.