ირაკლი ღარიბაშვილი - თქვენ ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, შევახსენებ, რომ მას სახელი უკვე დავარქვი
თქვენ ნახავთ გახარია, სად იქნება არჩევნების შემდეგ და ერთს ვეტყვი კიდევ, აქედან შევახსენებ, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი. ყველამ, მათ შორის პარტიის დამფუძნებელმა მას სახელი დაარქვა და ყველა ჩვენმა მოქალაქემ იცის კარგად, რა ჩაიდინა მან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ღალატია ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა.
„გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როცა საუბრობს გულდაწყვეტით ინსტიტუტის დაკნინებაზე, თუ დანგრევაზე. მინდა მოსახლეობას შევახსენო, ჩვენ ამის თაობაზე გუნდის შიგნით არაერთხელ გვითქვამს და მათ შორის მისი თანდასწრებით – ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როცა პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე, მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე და პატარა ბავშვივით გაიქცა. გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია არ დაეკავებინა პოლიციას. ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როცა მან ჩაიყვანა სპეცრაზი პანკისში და მთელს სოფელს აცემინა ქვებით, კაცი არ დაუსჯია მას. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო, მაშინ როცა შს მინისტრი იყო, გახსოვთ ალბათ, რაღაც გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი, შემდეგ გამოვიდა და ნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს არერთგზის პოლიციელებს. შემდეგ გამოვიდა გახარია და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის იმ ხალხს, ვისაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ა.შ. ასევე ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება არის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად, უგუნურად დაგეგმილ ოპერაციად, მე ვგულისხმობ „გავრილოვის ღამეს“ ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამოიყვან სპეცრაზმს პარლამენტის გარეთ, მაშინ როცა შიგნით უნდა ყოფილიყო რა თქმა უნდა, ნებისმიერი დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა, აცემინა სამი საათის განმავლობაში, ამას აყურებინა მოსახლეობას და ქვეყანას, როგორ ცემდნენ აგრესიული „ნაცმოძრაობის“ წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. აი, ეს არის სირცხვილი, ეს არის ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირათ და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში.
„აი ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ. შეხედეთ მის ხელწერას და ასევე, „ნაცმოძრაობის“, მათი ლიდერების, „მთავარი არხის“ და “ტვ პირველის“ კამპანიას. ძალიან მარტივად ჩანს, რომ გახარია მათი ბუნებრივი მოკავშირეა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა, პარტიის დამფუძნებელმა ყველაფერი გააკეთეს გიორგი გახარიასთვის. „როცა კაცი არავინ არ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან და დაგნიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა გამოგიცხადეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, რომ იტყვიან. დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც რვა წელი იყო და ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულების, შეცდომების თუ გადაცდომების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.