ირაკლი ღარიბაშვილი - თითქმის ხუთი ათწლეულია, ილია მეორე ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, მისი სახელი დაკავშირებულია ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან
თითქმის ხუთი ათწლეულია, მისი უწმინდესობა ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს.
როგორც პრემიერი წერს, ილია მეორის სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან
„მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს. თითქმის ხუთი ათწლეულია მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს. მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი მის უწმინდესობას და პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.