ირაკლი ღარიბაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერი ექიმებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიიღო, თუ როგორ მიმდინარეობს იმუნიზაცია რეგიონში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციაზე, როგორც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებაზე.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ აცრის პროცესში, ენდონ მეცნიერებს და მეცნიერებას, ვინაიდან პანდემიის საბოლოოდ დამარცხების გზა სწორედ ვაქცინაციაზე გადის.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.