ირაკლი ღარიბაშვილი - ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე, უმუშევრობა არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება
ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული, უმუშევრობა არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს, ეკონომიკური ზრდის ფონზე, პროდუქტებზე ფასები არის მომატებული, ოპოზიცია ამბობს, რომ არასწორად არის ბიუჯეტი გადანაწილებული, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 27 მილიარდი იყო.
„ოპოზიციის მმართველობის დროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მილიარდი. 80 მილიარდი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ბოლო ორ წელიწადში, ჩემი პრემიერობის დროს, 30 მილიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის პასუხი და ფაქტი. ამას გარდა, მინდა, ვთქვა, რომ თითქმის 80 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ჯამში ერთად. ბიზნესი, საზოგადოებრივი სამუშაოებიც ამას ემატება და ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ რვა თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული, უმუშევრობა არის შემცირებული და ჩვენ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.