ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ეცნობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა, ბრიგადის სასროლეთი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და დასავლეთ სარდლობაში შემავალი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი მოინახულა. თავდაცვის მინისტრი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი უტარდება ყაზარმებს, საცხოვრებელ კოტეჯებსა და სასადილოებს. მიმდინარეობს ბაზაზე არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, ასევე, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონებისა და ტრენაჟორების მოწყობა.
დღესვე მინისტრმა დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ გასინჯა, რომელიც პირველი ნოემბრიდან გაუმჯობესდა. მოგვიანებით კი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის საჭიროებებს გაეცნო, რომელიც დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს ემსახურება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი – 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისებრივად გააუმჯობესებს და ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი თვისებრივად გააუმჯობესებს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს.