ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში დახმარება - 20 000 ლარი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში კი 30 000 ლარი იქნება
თავდაცვის ახალ კოდექსში ჩაიწერება, რომ სამხედროებისთვის ბინების მშენებლობა სახელმწიფოს ვალდებულება გახდება, დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში დახმარება, 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში კი ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია 100 000 ლარით განისაზღვრა და ეს აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ.
„ამ კოდექსში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები იყო ჩადებული. მე ადრე ვთქვი, რომ ბინების მშენებლობა არ უნდა იყოს ერთჯერადი, ისე როგორც არ იქნება ერთჯერადი პოლიციისთვის, მანდაც გვინდა, რომ დავარეგულიროთ. კოდექსში ჩაიწერება, რომ ბინების მშენებლობა იქნება სახელმწიფოს ვალდებულება. ეს არ იქნება რომელიმე კარგი მინისტრის კეთილი ნება, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ვალდებულება და ყოველ სამ წელიწადში ჩვენს სამხედროებს აუშენდებათ ბინები. იგივე გვინდა, გავაკეთოთ პოლიციისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ვალდებულება. სხვა უამრავი ბენეფიტები და პრივილეგიები განისაზღვრება სამხედროებისთვის. მაგალითად, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, და დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში კომპენსაცია, დახმარება თუ იყო 7 000 ლარი, იქნება 20 000 ლარი. მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში იქნება ერთჯერადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაცია განისაზღვრება 100 000 ლარით. ეს ჯერ კიდევ პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელიც, მათ შორის, პოლიციელებზეც გავრცელდა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ძალოვანი უწყებების, ჩვენი გმირების მიმართ, ჩვენი საამაყო სამხედროებისა და პოლიციელების მიმართ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.