ირაკლი ღარიბაშვილი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ, სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, შედეგები დადო ხელისუფლებამ
ირაკლი ღარიბაშვილი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ, სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, შედეგები დადო ხელისუფლებამ

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ, სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე ვინც ხელშესახები გააკეთა, არის „ქართული ოცნება“. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ევროკომისიის რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს და შედეგები დადო სწორედ ხელისუფლებამ.

„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის მოტივაცია, რომელიც აქვს ოპოზიციას. აქვე, მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციას, და მე ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა, მმართველმა რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

მქონდა პატივი და ბედნიერება, რომ ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში დავასრულეთ უვიზო რეჟიმზე მუშაობა და მივიღეთ უვიზო რეჟიმი. შარშან უკვე მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და წელს, როგორც უკვე დღეს ვნახეთ, ისტორიული გადაწყვეტილება, სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ წერია, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს და შედეგები, ბუნებრივია, დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ. ანუ, იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის, ამომრჩევლის მიერ. ასე რომ, ყველა სპეკულაცია, თითქოს მხოლოდ ხალხის ნების გამოხატულების გამო იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არის ძალიან გადაჭარბებული, მცდარი. ეს არის ჩვენ მიერ მიღწეული შედეგი და იმ შედეგის აღიარება, დაფასება, რომელზეც ახლა გესაუბრეთ და რომელიც მე ძალიან მოკლედ შევაჯამე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.