საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს.
მთავრობის მეთაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
„ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით, საქართველო კვლავაც მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის.
საუბარი შეეხო პრემიერის მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, როგორც დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. ყურადღება დაეთმო ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც ქვეყანა უკრაინელ ხალხს უწევს“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრისას ითქვა, რომ წლევანდელი წელი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული კავშირებისთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი არშაკ მუსახანიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.