ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.

„საუბარი შეეხო იუსტიციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობას. გამოითქვა მზაობა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების და საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.