ირაკლი ღარიბაშვილი - სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით დაახლოებით 30 000-მდე ადამიანი დასაქმდა, სულ მცირე 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი გვყავს, ჩვენი სურვილია, ისინი დავასაქმოთ
სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით დაახლოებით 30 000-მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა, სულ მცირე 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი გვყავს და ჩვენი სურვილია, ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, სოციალურად დაუცველების არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა, არამედ ბიზნესში მათი ეტაპობრივი გადასვლა და მათი პროფესიული უნარების განვითარება.
„რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივის განხორციელება, ეს შეეხებოდა სოციალურად დაუცველების დასაქმებას. ესეც არის ევროპული მოდელი, გამოცდილება. დაახლოებით 30 000-მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა უკვე. ეს არ არის ბევრი, მაგრამ არც ცოტაა, თუმცა რესურსი გაცილებით უფრო მეტია. შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანი დაახლოებით 200-300 000 ათასი გვყავს, სულ მცირე 200 000. ჩვენი ამოცანა და სურვილია, ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ, ჩავრთოთ არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში, არამედ ბიზნესში მოხდეს მათი ეტაპობრივი გადასვლა და დასაქმება, მათი პროფესიული უნარების განვითარება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კერძო სექტორი სამუშაო ძალის ნაკლებობას უჩივის და ამაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.
„მინდა, კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს შევეხო. იმის მიუხედავად, რომ ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი დამსაქმებელი, მათ შორის სამშენებლო სექტორში და სხვა სექტორის დამსაქმებლები, ბიზნესი უჩივის სამუშაო ძალის ნაკლებობას. 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ მოთხოვნა არის გაცილებით მეტი. გაცილებით მეტი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს ქვეყანაში. მე პირადად მქონდა საუბარი ბიზნესის წარმომადგენლებთან, მქონდა შეხვედრა მათთან რამდენიმე კვირის წინ და ყველა ამბობს ერთხმად, რომ აუცილებელია სამუშაო ძალის გაზრდა. ეს როგორ უნდა გააკეთოს მთავრობამ? რა თქმა უნდა, მზად არის, ბიზნესთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს და კოორდინირებულად იმუშაოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.