ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, იანეზ იანშას შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვენიის მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფლების, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სლოვენიის წარმატებულ პრეზიდენტობას ევროკავშირის საბჭოში და იმედი გამოთქვა, რომ ამ პერიოდში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი კიდევ უფრო აქტიური გახდება. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გეგმავს. მხარეებმა იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისა და პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენების აუცილებლობაზე, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის მეტი პრაქტიკული მექანიზმის შეთავაზების მნიშვნელობაზე.
შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და გამოწვევები, როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ ჭრილში და ხაზი გაუსვეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვენიურ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში ჩართულობისთვის და ისაუბრა ნატოში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორის როლზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და ავღანეთიდან ევაკუაციის განხორციელების პროცესში.
სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვენიას გაეროში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების თანასპონსორობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას, დადებითად შეფასდა ორმხრივი აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და აღინიშნა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.
საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებს, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიაში მიიწვია.