საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ჰეგერს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სექტორული კავშირების გაფართოების, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში განსახილველ მთავარ საკითხებს, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და განხორციელებული რეფორმები, ასევე, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში შევსებული კითხვარი საქართველოს აძლევს საფუძველს, ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი ევროკომისიის დასკვნასთან მიმართებაში.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვის პროცესში.
მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში (GLOBSEC 2022) დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან. ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლასთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.