ირაკლი ღარიბაშვილი - სიმბოლური დამთხვევაა, რომ შინდისის ბრძოლის დღეს სააკაშვილი ყველამ ვიხილეთ მიწაზე გართხმული, ეს იყო ჩვენი გმირების შეურაცხყოფა
სიმბოლური დამთხვევაა, რომ შინდისის ბრძოლის დღეს სააკაშვილი ყველამ ვიხილეთ მიწაზე გართხმული, ეს იყო ჩვენი გმირების შეურაცხყოფა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი მოსახლეობას წარუდგინა.
„მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ამ შესანიშნავი, განსაკუთრებული მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ასევე, მინდა, განსაკუთრებით მივესალმო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებს, ჯარისკაცებს, რომლებმაც 2012 წელს შეუძლებელი შეძლეს ჩვენი ლიდერის, პარტიის თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. იმ დროს ეს გამარჯვება ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ამისთვის მადლობა თქვენ. მადლობა იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს გვერდით დგახართ და მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მიმართვის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ვიმყოფებით 2008 წლის აგვისტოს კვირეულში.
„დღეს დილით ვიმყოფებოდი შინდისში, სადაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა სამაგალითო თავგანწირვა და თავდადება აჩვენეს და სრულიად უთანასწორო ბრძოლაში ჩვენს მტერთან, ოკუპანტთან გმირულად გაწირეს თავი. 17 ვაჟკაცი, რომელთა სახელი მე მინდა, რომ იცოდეს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ძვირფას მოსახლეობას. ესენი არიან ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ბერის კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. 12 წლის წინ, ძვირფასო მეგობრებო, ამ გმირებმა მართლაც სამაგალითო გმირობა, თავგანწირვა გვაჩვენეს ჩვენ, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ერის სირცხვილიც ვიხილეთ, შეურაცხყოფა ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამარცხვინო ქმედება. რა სიმბოლური დამთხვევაა, მეგობრებო, რომ სწორედ ამ დღეს 2008 წლის 11 აგვისტოს, იმ დროს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა ქალაქ გორში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და იმ დროს, როდესაც ჩვენი ეს გმირები, რომლებიც მე ჩამოგითვალეთ, მტერთან იბრძოდნენ თავგანწირვით და ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს სწირავდნენ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც გვეცხადება, როგორც ყველაზე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ძალის ლიდერი, ჩვენ ყველამ ვიხილეთ მიწაზე გართხმული. ეს იყო ჩვენი შეურაცხყოფა. ეს იყო ჩვენი გმირების შეურაცხყოფა, ჩვენი ჯარის, რომელმაც დღემდე მოიტანა ჩვენი ძვირფასი სამშობლო. ჩვენ დღევანდელობამდე მოვედით ჩვენი რწმენით და ჩვენი ბრძოლით. ჩვენ რაც ვიხილეთ, არის აბსოლუტურად ამის საწინააღმდეგო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.