ირაკლი ღარიბაშვილი - სიამაყით მსურს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყანა ერთგული რჩება ინტენსიური რეფორმების გაგრძელების იდეისადმი
გარემოს მართვის სისტემის გასაძლიერებლად, საქართველომ გარემოსდაცვითი შეფასების სისტემები გააუმჯობესა და საზოგადოების მონაწილეობის უფრო ქმედითი მექანიზმები დანერგა ეკოლოგიურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის ადრეულ ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთში გამართულ საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა, სახელწოდებით „მოძრაობა სიცოცხლის მისია – გარემოზე მორგებული ცხოვრების წესი“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო დროს მსხვილი რეფორმები განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად.
„თქვენო აღმატებულებავ, ინდოეთის პრემიერ მინისტრო, ფრიად პატივცემულო შრი ნარენდრა მოდი, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, მაქვს პატივი და სიამოვნება მოგმართოთ დღევანდელ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ გამორჩეულ საზოგადოებას, ხოლო ინდოეთს მივულოცო, რომ უძღვება ამ არაჩვეულებრივ მისიას, რომელიც ინდოეთის ულამაზეს ქალაქ კევადიაში იღებს დასაბამს. საქართველო მიესალმება და სრულად უჭერს მხარს მისი აღმატებულების ნარენდრა მოდის მიერ დროულად წამოწყებულ გლობალურ ინიციატივას. რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიური თვალსაზრისით შეგნებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება ბუნებრივი რესურსების გონივრული და მიზანმიმართული გამოყენების პრინციპზე. ამ კუთხით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად, ისევე როგორც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
გარემოს მართვის სისტემის გასაძლიერებლად, საქართველომ გარემოსდაცვითი შეფასების სისტემები გააუმჯობესა და საზოგადოების მონაწილეობის უფრო ქმედითი მექანიზმები დანერგა ეკოლოგიურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესის ადრეულ ეტაპზე. ბოლო დროს მსხვილი რეფორმები განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად. საქართველო მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის მოიაზრება, სადაც ეროვნული პარკები ნამდვილად გახლავთ მაღალი დონის ეროვნული პრიორიტეტი, რაც გაწერილია კიდეც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებსა და სტრატეგიებში.
საქართველოს ეროვნული პარკების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღესდღეობით ჩვენი ტერიტორიის თითქმის 12 პროცენტს მოიცავს. ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 40 პროცენტი დაფარულია ტყეებით. ამიტომ, ტყის ფონდის მდგრადი მართვა ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ძალისხმევას არ ვიშურებთ ტყის რესურსების მდგრადი მართვის განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს ტყის ეკოსისტემების სტაბილურობას, თან საზოგადოებას სოციო-ეკონომიკურ სარგებელს მეტად მოუტანს და ტყეებზე წნეხსაც შეამცირებს. კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად და პარიზის შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ წარმატებით განაახლა გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის ეროვნულ დონეზე დადგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია კლიმატის ცვლილების ახალ – 2030 წლის – სტრატეგია და ზიანის შემარბილებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა. სიამაყით მსურს განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყანა ერთგული რჩება ინტენსიური რეფორმების გაგრძელების იდეისადმი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გარემოსა და ბიომრავალფეროვნების უკეთესი დაცვა, მისი ეროვნული და საერთაშორისო მიზნები კლიმატის დაცვის სფეროში. მტკიცედ მჯერა, რომ ყველას ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ საერთო მიზანს და გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შრი ნარენდრა მოდიმ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა.