ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა ორი ქვეყნის პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, პარლამენტთა და ხალხთა შორის მჭიდრო კავშირები.
მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ.
საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მთავრობის მეთაურის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისთან, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა.
ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამების მნიშვნელობაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე, ხოლო სტუმართა მხრიდან: შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის პირველი მოადგილე მარტინ კანდინასი, მეორე მოადგილე ერიკ ნუსბაუმერი, ელჩი, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი კლაუდიო ფიშერი, პოლიტიკური მრჩეველი სოფი ლაშა რორერი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ ესწრებოდნენ.