ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა.
„შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში. ჩვენ დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გაგვაჩნია ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინე თითოეული წარმომადგენლისგან, მონაწილისგან მათ მიერ დასმული კითხვები და, რა თქმა უნდა, გავეცი პასუხი. ასევე, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდგომ ნაბიჯებზე, ამის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ ჩვენს პოზიციას. მინდა, გითხრათ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რეკომენდაცია, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ ერთად – ოპოზიციამ, პოზიციამ, ხელისუფლებამ გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესს. კიდევ ერთხელ განვაცხადე შეხვედრაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა რეალურ კონკრეტულ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შესაძლოა, გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებოდნენ.