ირაკლი ღარიბაშვილი - შეშლილი მიხეილ სააკაშვილი იმდენად ბრიყვია და შეპყრობილია ძალაუფლების სურვილით, ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს
შეშლილი მიხეილ სააკაშვილი იმდენად ბრიყვია და შეპყრობილია ძალაუფლების სურვილით, რომ ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ მოხდილი ბოდიშის გულწრფელობაში ეჭვი მთელ მოსახლეობას შეაქვს. მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოებში დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან.
„არა მარტო მე, არამედ მთელი მოსახლეობა არათუ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ ვითომ ბოდიშის მოხდას, არამედ მისი ყველა სიტყვა არის სიცრუის დემონსტრირება. მე ჯარის პოზიციიდან ვიტყვი ამას, სააკაშვილმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მთავარსარდალმა, რომელიც აგვისტოს ომის დროს მიწაზე გართხმული ვიხილეთ. მან ყველაზე მშიშარა და მხდალი მთავარსარდლის მაგალითი დაუტოვა თავისი გუნდის წევრებს. რაც შეეხება მის ბოდიშს, ჩვენ პრაქტიკულად რვა წლის თავზე აღიარება მოვისმინეთ. ის ჯიუტად აცხადებდა, რომ არაფერი ჩაუდენიათ არც მას და არც მის დანაშაულებრივ გუნდს. ჩვენ მოვისმინეთ აღიარება, თითქოს, ეს იყო შეცდომები. ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო უმძიმესი დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების, კაცობრიობის წინაშე, შეიძლება ასე განზოგადებულად ითქვას. დემოკრატიულ სახელმწიფოებში დანაშაულებისთვის არათუ ბოდიშს, არამედ სასჯელს იხდიან. სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა, ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. დანარჩენი არის ტყუილი, რაღაც წინასაარჩევნო მანევრები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, რვა წლის თავზე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდა ხალხის შეურაცხყოფაა. ღარიბაშვილის თქმით, მოსახლეობა აღარ მოტყუვდება, რადგან მას კარგად ახსოვს სააკაშვილის დანატოვარი.
„მე ვიცი და დაზუსტებული ინფორმაციაც მაქვს, რომ უკრაინაში მისი როლი პრაქტიკულად ნულის ტოლფასია. მას დღე დღეზე გამოაგდებენ იქიდან, როგორც გამოაგდეს. მაშინაც მორიგ ჯერზე მისი სირცხვილი ვიხილეთ, როცა კაცმა, რომელიც რვა წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, საკუთარი ნებით დათმო მოქალაქეობა. შემდეგ თმით ათრიეს და უკრაინიდან გამოაგდეს, შემდეგ მას და მისი გუნდის წევრებს პრაქტიკულად გაუნულდათ პოზიციები.
ახლა არის კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა, რომ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ. ეს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფაა. ეს შეშლილი იმდენად ბრიყვია და შეპყრობილია ძალაუფლების სურვილით, რომ ჰგონია, ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არცერთ შემთხვევაში. დღეს სხვა რეალობაა. ჩვენი მოქალაქეები კარგად აფასებენ, როგორც სააკაშვილის დანატოვარს, ასევე მის ცრუ დაპირებებს.
კარგად გვახსოვს, რომ სწორედ სააკაშვილი იყო ის, ვინც ჩვენი 300 000 მოქალაქე გაასამართლა, ათასობით ადამიანს ბიზნესი წაართვა, ოჯახები დაუნგრია, სიცოცხლე მოუსპო, ახალგაზრდები დახოცა. ამ დესტრუქციული, მოღალატე ძალის – „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ველიდან მთლიანად გაყვანა ჩვენი საერთო ამოცანა უნდა გახდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, დასძინა, რომ საქართველოში ბრუნდება.