ირაკლი ღარიბაშვილი - შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე
ნახეთ ყველამ, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვეს მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ არასერიოზული ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ეს ფაქტი იქნებოდა გასაჯაროვებული, გამოვიდა და, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, აფინანსებს მთელ ოპოზიციას.
„ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად დიდი, მსოფლიო დონის სკანდალი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული „ბიბისის“ მიერ, გადაფარონ. ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული. ჩვენ ამას ვამბობდით და დადასტურებულია „ბიბისის“ გამოძიების შედეგად. თქვენ ნახეთ ყველამ, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვეს მთელი ევროპის პენსიონერები. აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ეს ფაქტი გასაჯაროვდებოდა, გამოვიდა და, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ოპოზიცია.
კაცი გამოვიდა, თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებ ყველას და მე დავაფინანსებო. მთავარი თემა არის შემდეგი, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინა პასუხი, ახსნა-განმარტება, რომ აი, ასეთი, მე ვიტყოდი, საუკუნის ძარცვა იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ, მის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები კი გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს არის შემაშფოთებელი. თქვენ ამაზე უნდა დასვათ კითხვები და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს პასუხები. მე მჯერა, რომ ევროპული საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე. თქვენ იცით, რომ გერმანულ გამოძიებასთან ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ერთად გამოვიძიეთ, გავხსენით და, საბოლოო ჯამში, ნათელი მოეფინა ამ რეალობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.