ირაკლი ღარიბაშვილი - შეიძლება, ყველა არ არის კმაყოფილი დღევანდელი ხელისუფლებით, ეს ნორმალურიც არის, ჩვენთვის გაკვეთილის მომცემია, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ
შეიძლება, ყველა არ არის კმაყოფილი დღევანდელი ხელისუფლებით, ეს ნორმალურიც არის, ჩვენთვის ეს არის გაკვეთილის მომცემი, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ეს დაახლოებით იგივეა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერს რომ კიდევ მოეთხოვა ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება“.
„ერთი შედარება მინდა გავაკეთო, პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, გამოდის ფეიკი ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერს კიდევ მოეთხოვა ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ხალხს და მსოფლიოს რომ დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა. ამ კაცმა დაანგრია ქვეყანა, გადაუარა ქვეყანას, აწამა, ტანჯა, დახოცა პირდაპირ ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ომი წააგო და ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ ქვების გროვა უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს. როგორ შეიძლება, დღეს ნებისმიერ მოქალაქეს, მაჩვენეთ მაშინ, ვინ აძლევს ამ ადამიანს ხმას. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და ამ დანაშაულში თანამონაწილეობა. მინდა, მათ ამომრჩეველს მივმართო. ძვირფასო ხალხო, ეს არის შეცდომა, მესმის, რომ შეიძლება, ყველა არ არის კმაყოფილი დღევანდელი ხელისუფლებით, ეს ნორმალურიც არის. ჩვენთვის ერთის მხრივ ეს არის გაკვეთილის მომცემი, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტი უნდა ველაპარაკოთ ამომრჩეველს, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მათ ამომრჩეველსაც, რომ გავაგებინოთ რეალური სხვაობა თეთრსა და შავს შორის. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.