ირაკლი ღარიბაშვილი - შეფასების დოკუმენტი რომ არ იქნას გამოყენებული მანიპულაციის, საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, ევროპული კომისია გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერის პერსონიფიკაციას
ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.
ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს.
ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი თხოვნით მიმართავს ევროპულ კომისიას, საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებული შეფასების დოკუმენტი რომ არ იქნას გამოყენებული მანიპულაციის, საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერის პერსონიფიკაციას.
„გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს.