ირაკლი ღარიბაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივან ლაზარ კომანესკუს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და BSEC-ის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ორგანიზაციის როლზე შავი ზღვის რეგიონში. მათივე ცნობით, განიხილეს შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

აღინიშნა, რომ BSEC-ი სასარგებლო პლატფორმაა შავი ზღვის ქვეყნებისათვის ეკონომიკური პარტნიორობისა და შიდა რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

განიხილეს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის, როლი, ასევე, რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო BSEC-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ხელმძღვანელობს სამ ძირითად მიმართულებას: Covid-19-ის შედეგად დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინების, ინოვაციური რესურსებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობის, ასევე, განახლებადი ენერგიის წყაროების ხელშეწყობის სფეროებს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პანდემიით შექმნილ გლობალურ გამოწვევებს და პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეფექტური რეაგირება პანდემიის უარყოფით შედეგებზე.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.