სამწუხაროდ, ეს არის კლასიკური ნიმუში დეზინფორმაციული ნარატივის, რომელიც დღესაც ვრცელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. კითხვის ავტორმა მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, რომელსაც საფუძველი არ აქვს, პირიქით, ეწინააღმდეგება ჩვენს იდეას და მიზანს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „მინდა, გკითხოთ იმ მაჩვენებლზე, რომელიც აქვს საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოებასთან თანხვედრაში, ეს არის 43 პროცენტი, ყოველ შემთხვევაში, წელს ეს მაჩვენებელი აქვს ჩვენს ქვეყანას. მინდა, გაგახსენოთ ხელისუფლების ის პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც გადადგა მმართველმა გუნდმა მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა ამ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად და უკვე ორი დღეა, ამაზე თქვენც საუბრობთ. იქამდე, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით შარშან, ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ხელისუფლებამ დაახლოებით ერთი თვით ადრე აბსურდული ბრალდებით დააკავა ყველაზე დიდი დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი. ამის შემდგომ უკვე, როდესაც საქართველო გამოეთიშა ასოცირებულ ტრიოს, უფრო სწორად, მივიღეთ უფრო ნაკლები, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ – ევროპული პერსპექტივა, იყო დასავლეთის მხარდამჭერი აქციები საქართველოში, ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა ამ აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას. ამის შემდგომ იყო „რუსულ კანონად“ წოდებული კანონპროექტი, ასევე მუდმივი თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ომში ჩართვის მცდელობაში დადანაშაულება, აგრეთვე რუსეთთან პრიდაპირი ფრენების გახსნა, სანქცირებული პირების საქართველოში შემოშვება და ბოლოს – პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი“.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველას შეახსენებს, რომ შარშან, როდესაც ქვეყანა ელოდებოდა სტატუსზე გადაწყვეტილებას, რადიკალური ძალებისა და მათი მხარდამჭერი ლობისტური ჯგუფების ჩართულობით, ევროპარლამენტში მიღებულ იქნა ანტისტატუსის მოწოდების მქონე რეზოლუცია.
„რამდენიმე მაგალითი იქნა მოყვანილი, რომელსაც მინდა, გამოვეხმაურო. რა თქმა უნდა, ცალკეულ კრიმინალურ ქეისზე არ გავაკეთებ განმარტებას. მინდა, კითხვის ავტორს და თქვენც, ყველას შეგახსენოთ, რომ შარშან, მაშინ, როდესაც ქვეყანა ელოდებოდა გადაწყვეტილებას, რადიკალური ძალების და მათი მხარდამჭერი ლობისტური ჯგუფების ჩართულობით, ევროპარლამენტში მიღებულ იქნა პირდაპირ ანტისტატუსის მოწოდების მქონე რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ჩვენს მიზანს, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. აქვე, მინდა, განვმარტო, რომ ევროკომისია სხვა ინსტიტუციაა და ევროპარლამენტი – სხვა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი წმინდა სამართლებრივი თემაა.
„ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპულ დემოკრატიას, ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც იცავენ კონსტიტუციას და ვინ, თუ არა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, ზოგადად, ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითის მიმცემი როგორც კონსტიტუციის დაცვის, ასევე მისი პატივისცემის. ასე რომ, ეს არაა პოლიტიკური საკითხი, ეს სამართლებრივია, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ ჩვენ, როგორც მმართველმა პარტიამ. იმის მიუხედავად, რომ ვიცით, პარლამენტში არ გვაქვს საკმარისი ხმების რაოდენობა, რომ ფორმალურად მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, გავაკეთეთ რეაგირება და განვმარტეთ, ვცემთ რა პატივს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ვიყავით ვალდებული და იძულებული, ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციის პროცესთან.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „საქართველო არაა არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი, საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, ოკუპირებულია 20 პროცენტი, არაღიარების პოლიტიკა მთავარია საგარეო პოლიტიკაში. იმ განცხადებებს და რეზოლუციებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ ვუერთდებით, ვითვალისწინებთ არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს, რისკებს ვზომავთ და ეს მოტივაცია გვაქვს. სხვა შემთხვევებში, რაც უკავშირდება უკრაინაში რუსეთის შეჭრას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, ჩვენ სრულად ვუერთდებით და ვართ ერთ აზრზე ევროკავშირთან ერთად“.
ამავდროულად, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო 500-ზე მეტ რეზოლუციას შეუერთდა, ამასთან, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს საქართველო არღვევს სანქციებს.
„რეალობა აღმოჩნდა, როდესაც ამერიკის, თქვენი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში. მათ ღიად და ხმამაღლა თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ვალდებულებებს და სანქციების დარღვევის არცერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. სიცრუის მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა დავაახლოოთ ევროკავშირს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე განმარტა, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ დაფრინავს საქართველოში. „აქაც ვიცავთ დისციპლინას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ეკონომიკურ მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა, ბოლო სამი წელია, ძალიან სწრაფად იზრდება.
„ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა გვაქვს, ინფლაცია დარეგულირებულია, უმუშევრობა, სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა, ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება ძალიან სწრაფად. ჩვენი მოვალეობაა, ქვეყანა გავაძლიეროთ, დავიცვათ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.