ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელთან შეხვედრაზე ვისაუბრე, რომ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში და გამჭვირვალედ
შარლ მიშელთან შეხვედრაზე ვისაუბრე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებითაც ესაუბრა.
„შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. ასევე, პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, რომ არავის მიეცეს საშუალება ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის.
ამასთან, მქონდა საუბარი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და რომ გვქონდა ჩართულობა ოპოზიციასთან. ვუთხარი, რომ ვართ მოწადინებული, მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვაკეთებთ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.